უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სუსლიაკების ოჯახის ათი ბავშვის უკრაინაში დაბრუნებაზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სუსლიაკების ოჯახის ათი ბავშვის უკრაინაში დაბრუნებაზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს

სუსლიაკების ოჯახის ათი ბავშვი თბილისიდან უკრაინაში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ბავშვების წასაყვანად თვითმფრინავი საქართველოში გუშინ გამოგზავნა. ბავშვებს თან ახლდათ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ბავშვთა უფლებების კომისარი, ნიკოლაი კულება.

კულებას თქმით, ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებზე ქალაქიდან ქალაქში მგზავრობდნენ, რის გამოც მათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ. ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, საჭიროა სუსლიაკების საქმის დეტალების გარკვევა.

„საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა გარემოებებში იმყოფებოდნენ ისინი დედასთან ერთად შესაბამისი თანმხლების გარეშე, რადგან რუსეთიდან, სადაც ისინი თავშესაფარს ითხოვდნენ, მათ წასვლა მოსთხოვეს“, – აღნიშნა კულებამ.

ნიკოლაი კულებას თქმით, ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად აბრკოლებდა არსებული ეჭვი, რომ მათი მშობლები არასრულწლოვნების გაყიდვას აპირებდნენ. კერძოდ, სამართალდამცველები დააეჭვა იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან შვიდი სუროგატი-დედების მიერ ერთი წლის განმავლობაში იყვნენ გაჩენილი.

„უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შემოწმდეს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა სახსრებით და ა.შ. ბევრი რამ არის გასარკვევი უკრაინის ტერიტორიაზეც და საქართველოს ტერიტორიაზეც. ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა რუსეთში, იქ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ჩვენ ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება მაშინვე მოგვცეს, დავიწყეთ გამგზავრებისთვის მზადება. მე შევხვდი ომბუდსმენის ოფისის, სოციალური პოლიტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, სუსლიაკების ოჯახის ბავშვები ბებიებთან ერთად უნდა დარჩნენ, რადგან პატარები ერთმანეთს არ დააშორონ.

„ჩვენი ამოცანაა, მათი ოჯახში გაერთიანება და მათი რეაბილიტაცია, რადგან ბავშვები რთულ ფსიქიკურ მდგომარეობაში არიან, მათი ფიზიკური მდგომარეობა კი შესამოწმებელია“, – განაცხადა უკრაინის ბავშვთა უფლებების კომისარმა.