უკრაინის პრემიერი - უკრაინაში მაღალი რანგის პოლიტიკოსების სასჯელი სახელმწიფოს იმიჯს აფუჭებს, თუმცა უფრო მეტად საწყენად დაუსჯელი კორუფცია გამოჩნდებოდა
უკრაინის პრემიერი - უკრაინაში მაღალი რანგის პოლიტიკოსების სასჯელი სახელმწიფოს იმიჯს აფუჭებს, თუმცა უფრო მეტად საწყენად დაუსჯელი კორუფცია გამოჩნდებოდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება საერთაშორისო არენაზე უკრაინის იმიჯისთვის კარგი არ არის. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, განურჩევლად რანგისა და თანამდებობისა. ეს განცხადება დენის შმიგალმა „ბიბისის“ უკრაინულენოვან სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვარ ბედნიერი ამით. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიება ხელმძღვანელების წინააღმდეგ, მით უმეტეს, თუ არის დამადასტურებელი ფაქტები, ყოველთვის არის დესტაბილიზაცია და არასასიამოვნო მომენტი სახელმწიფოსთვის. იდეალური ვარიანტია, თუ პოლიტიკოსები პასუხისმგბლობით იქცევიან, არ ერევიან კორუფციაში და არ ღალატობენ სახელმწიფოს ინტერესებს. როდესაც არის ასეთი ეჭვები, ეს ყოველთვის გულდასაწყვეტია. თუმცა პასუხისმგებლობა შეუქცევადი უნდა იყოს, განურჩევლად რანგებისა და თანამდებობებისა. თუ ადამიანმა დაარღვია კანონი, უღალატა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, მოიქცა არაკორექტულად, მან პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა დენის შმიგალმა ჟურნალისტის შეხკითხვაზე – კმაყოფილია თუ არა ის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნით.

ამასთან, უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მაღალი რანგის პოლიტიკოსების დასჯა სახელმწიფოს იმიჯს აფუჭებს.

„ეს არ არის დევნა, თუმცა გეთანხმებით, ეს ძალიან კარგად არ გამოიყურება. როდესაც საუბარია უკრაინაში მაღალი რანგის პოლიტიკოსების სასჯელზე – ეს სახელმწიფოს იმიჯს აფუჭებს. თუმცა მედლის მეორე მხარეა – სასჯელი ყველასთვის შეუქცევადი უნდა იყოს“, – განაცხადა შმიგალმა.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ დაუსჯელი კორუფცია უფრო „საწყენად გამოჩნდებოდა“.

„რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს საერთაშორისო არენაზე, უფრო მეტად საწყენად გამოჩნდებოდა დაუსჯელი კორუფცია“, -აღნიშნა უკრაანის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უკრაინის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილის უკანონოდ დანიშვნა ედება ბრალად.