უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს და ამჟამად ევროპელ პარტნიორებთან ერთად კონტრაქტის 15 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
გარდა ამისა, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა მზად არის, ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა 55 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდოს და ნამატი ევროპას ორჯერ ნაკლებ ფასად შესთავაზოს, ვიდრე ეს მიმდინარე კოტრაქტშია გაწერილი.
ამასთან, უკრაინის პრემიერმა ევროპას რუსეთში შეძენილი ბუნებრივი აირის შესანახად უკრაინის საცავი შესთავაზა. შმიგალის თქმით, უკრაინა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „ბუნებრივი აირის ფონდი“, რომელსაც ევროპა ზამთრის პერიოდში გამოიყენებს საჭიროებისამებრ და შესაძლო კრიზისის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს.