უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. დენის შმიგალი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.