უკრაინის პოლიციაში არჩევნებზე დარღვევების შესახებ 25 საჩივარი მიიღეს
უკრაინის პოლიციაში არჩევნებზე დარღვევების შესახებ 25 საჩივარი მიიღეს

უკრაინის პოლიციაში არჩევნებზე დარღვევების შესახებ 25 საჩივარი მიიღეს. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მათი ნაწილი საარჩევნო პროცედურების დარღვევას უკავშირდება. მათ შორის საუბარია, ამომრჩევლების მიერ ბიულეტენის საარჩევნო უბნის გარეთ გატანის, ასევე ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღებისა და უკანონო აგიტაციის შემთხვევებზე. პოლიციის ინფორმაციით, ერთი საჩივარი ეხება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის შტაბში აცხადებენ, რომ მათ ამ დროისთვის არჩევნებზე დარღვევების 50 შემთხვევის შესახებ მიიღეს შეტყობინება.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.