„ევროპული სოლიდარობის“ წევრებმა იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას რადას ტრიბუნა დაბლოკეს
უკრაინაში პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატებმა ქვეყნის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვისას უმაღლესი რადას ტრიბუნა კიდევ ერთხელ დაბლოკეს.
დღეს, სესიის დროს იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოსა და ეკონომიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა განეხილათ. კორუფციული სკანდალის ფონზე გალუშჩენკომ და გრინჩუკმა გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.
თავად გალუშჩენკო და გრინჩუკი სხდომაზე არც გუშინ და არც დღეს არ გამოცხადებულან.
როგორც უკრაინული მედია წერს, ოპოზიცია მთელი მთავრობის გადადგომას ითხოვს.
ამასთან, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს, იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოსა და ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის პარლამენტში ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე გამოძახებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 200-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ განაცხადა, რომ გრინჩუკი, სავარაუდოდ, უკვე „გაქცეულია უკრაინიდან“.
ამასთან, დეპუტატებმა პარლამენტში გამოიძახეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 155 წევრმა.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ეენრგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.
უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.