უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა
უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა

უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან დაითხოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ რუსლან რიაბოშაპკას უნდობლობა გამოუცხადა.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ გადაწყვეტილებას მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 18 კანონმდებელი გამოვიდა. 73-მა დეპუტატმა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილე, ვიტალი კასკო გახდება.

თავად რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რათა კვლავ დაბრუნდეს. მან აღნიშნა, რომ არავის დაქვემდებარებაში არ იყო და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

„დამოუკიდებელი პროკურორი არ შეიძლება აიძულო. ის შეიძლება მხოლოდ გაათავისუფლო“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რუსლან რიაბოშაპკამ, რასაც რიგი დეპუტატების მხრიდან სიტყვა „სირცხვილის“ შეძახილი მოჰყვა.