უკრაინის ომბუდსმენი სამხედრო ტყვეების, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯის კადრებზე - „მორიგ ჯერზე ვხედავთ რუსეთის არმიის მხრიდან ჰუმანიტარული სამართლის ცინიკურ უგულებელყოფას“
რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი გაერო-ს და „წითელ ჯვარს“ მიმართავს და რუსი ჯარისკაცების მიერ მორიგი სამხედრო დანაშაულის ჩადენის დაფიქსირებას სთხოვს.
„გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, სავარაუდოდ, მოკლული, სულ მცირე, ხუთი სამხედრო ტყვე. მორიგ ჯერზე ვხედავთ რუსეთის არმიის მხრიდან ჰუმანიტარული სამართლის ცინიკურ უგულებელყოფას“, – თქვა ლუბინეცმა.
გასული წლის ოქტომბერში „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდაზე მიუთითეს, რაც, მათი ინფორმაციით, წახალისებულია რუსი სამხედრო მეთაურების მხრიდან.
3 თებერვალს უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების მკვლელობების შესახებ ცნობების მკვეთრი ზრდის გამო.
2023 წლის აგვისტოდან მისიამ 24 ასეთი შემთხვევა აღრიცხა, რა დროსაც 79 უკრაინელი სამხედრო იქნა მოკლული.