უკრაინა ევროკავშირს სთხოვს, ვიდრე უნგრეთი მოლაპარაკებებს ბლოკავს, წევრობის შესახებ კონსულტაციების არაოფიციალური პროცესი დაიწყოს
უკრაინა ევროკავშირს მიმართავს, წევრობის შესახებ კონსულტაციების არაოფიციალური პროცესი დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ილკოვმა კიევში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ილკოვის ეს მიმართვა უნგრეთის მიერ მოლაპარაკებათა დაბლოკვას უკვაშირდება. იგი აცხადებს, რომ, პროევროპულ რეფორმებზე საპასუხოდ, უკრაინას ევროკავშირის მხრიდან პროგნოზირებადობა სჭირდება. ილკოვი მიიჩნევს, რომ სივრცე ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლისთვის უნგრეთის ვეტო-ს პირობებშიც არსებობს.
როგორც უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ტექნიკურ მომზადებას აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ უნგრეთი პროცესის დაწყების შესახებ იურიდიულ გადაწყვეტილებას ბლოკავს.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე უკრაინა აბსოლუტურად მზად იქნება ექვსივე კლასტერის გასახსნელად.
„ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც ჩვენი პარტნიორების პროგნოზირებადობა აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენ არ ვითხოვთ შეღავათებს. ჩვენი მოთხოვნა არის პროგნოზირებადობა. ჩვენ გვჭირდება საგზაო რუკა, სადაც კონკრეტული მიღწეული პროგრესი იწვევს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა მან.
ილკოვი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას გაწევრიანების პროცესის ახალი ელემენტი, რომელიც დააახლოებს უკრაინას და ევროკავშირს მოლაპარაკებების ოფიციალურ გახსნამდე. ეს იქნება არაოფიციალური კონსულტაციების ფორმატი, რომლებშიც უკრაინა და ევროკავშირი წინსვლას შეძლებენ.
„ჩვენ გვესმის, რომ კონსულტაციები დარჩება არაფორმალურად და ვერ ჩაანაცვლებს მოლაპარაკებების პროცედურებს“, – თქვა ილკოვმა.