უკრაინის მთავრობა აკრიტიკებს პოლონეთის ხელისუფლების მუქარას, ჩაკეტოს საზღვარი უკრაინული მარცვლეულისთვის
უკრაინის მთავრობა აკრიტიკებს პოლონეთის ხელისუფლების მუქარას, ჩაკეტოს საზღვარი უკრაინული მარცვლეულისთვის

უკრაინის მთავრობა აკრიტიკებს პოლონეთის ხელისუფლების მუქარას, ჩაკეტოს საზღვარი უკრაინული მარცვლეულისთვის. აღნიშნულის შესახებ უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეფანიშინამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტს როცა ბლოკავს და მსოფლიო კვლავ სასურსათო კრიზისის ზღვარზეა, პოლონეთის მთავრობა წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს.

„პოლონელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ევროპის საზღვრები ასევე ჩაიკეტება უკრაინული მარცვლეულისთვის. დემოკრატია – ეს გახლავთ, როდესაც მთავრობა მოქმედებს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და არა როგორც წინასაარჩევნო შტაბი“, – წერს სტეფანიშინა.

მან ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, იმუშაონ ერთად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოება.

„ასევე, უნდა იყოს გათვალისწინებული კომპენსაციის მექანიზმი უკრაინელი ფერმერებისთვის, რომლებიც ველზე, სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

ცნობისთვის, ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ – ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ერთობლივად მიმართეს ევროკავშირს, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის ვადა გაახანგრძლივოს. ისინი შიშობენ, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის შეფერხების ფონზე, მათ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ნაკადი გაიზრდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კი გააფრთხილა უკრაინა, რომ თუ ევროკომისია არ დათანხმდა უკრაინული ექსპორტის აკრძალვის ვადის გახანგრძლივებას, მაშინ არაა გამორიცხული, რომ 15 სექტემებრიდან პოლონეთმა უკრაინულ მარცვლეულს საზღვარი ჩაუკეტოს.