უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია რუსეთში მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფაზე
უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია რუსეთში მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის ცნობილია რუსეთში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც 2045 წლამდე მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის განვითარების პროგნოზს მოიცავს და სადაც გათვალისწინებულია უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტრო იცნობს ამ დოკუმენტს. მეტიც რომ გითხრათ, ეს დოკუმენტი მომზადდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და გენშტაბში დაახლოებით გასული წლის დეკემბერში. აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად ედება პერსპექტიულ თავდაცვით დაგეგმვას გარკვეული დროის პერიოდით. მინიმუმ, 10 წლით. კერძოდ, ეს დოკუმენტი მომზადდა 2026-2035 წლის პერიოდისთვის 2045 წლამდე პერსპექტივით“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

მისივე თქმით, დოკუმენტში აღწერილი საკითხები ეხება სიტუაციის შემდგომ განვითარებას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, აგრეთვე იმ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი ხედავს.

სკიბიცკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მძლავრი ეკონომიკური, დემოგრაფიული, ტერიტორიული და სამხედრო პოტენციალის მისაღებად პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება.

„უდავოა, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი რჩება ჩვენი სახელმწიფოს სრული ოკუპაცია და ამ სცენარის განვითარება შემდგომი შესაძლო ტერიტორიის დაყოფით აქტუალური იქნება არამხოლოდ 2035-2045 წლებში. ის უკვე აქტუალური იქნება უახლოეს მომავალში, 2026 წელს ან, შეიძლება, უფრო ადრეც. თქვენ გსმენიათ პუტინის განცხადებები უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით. მან უკვე თქვა, რომ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები და ყირიმი თითქოსდა, მათი კონსტიტუციის თანახმად, ითვლება რუსეთის ტერიტორიებად“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ.