უკრაინის მმართველი პარტიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი გათავისუფლებულია
უკრაინის მმართველი პარტიის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი გათავისუფლებულია

რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ქალაქ სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება.

მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო და გაიტაცეს მერი იური ფომიჩევი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასევე ჰაერში ცეცხლი გახსნეს უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ასევე ისროლეს შუქ-ხმოვანი ყუმბარა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.