უკრაინის კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აპირებს, გაასაჩივროს „ევროვიზია 2023“-ის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის თაობაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილება.

ამის შესახებ უკრაინული მედია მინისტრის „ტელეგრამზე“ დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინა არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღების ხასიათს, როდესაც დაგვაყენეს ფაქტის წინაშე სხვა ვარიანტების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. უკრაინაში „ევროვიზია 2023“-ის ჩატარება მძლავრი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ის ახლა ამ სახელმწიფოს უჭერს მხარს. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების შეცვლას, რადგან გვჯერა, რომ შევძლებთ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რა აღებული გვაქვს და არაერთხელ აღინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე“, – აღნიშნა ტკაჩენკომ.

მინისტრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ განსაზღვრულ ვადაში გასცა პასუხი და წარადგინა გარანტიები უსაფრთხოების სტანდარტებზე. გარდა ამისა, უკრაინამ უკვე წარადგინა სიმღერის კონკურსის ჩასატარებლად შესაძლო ადგილების თაობაზე წინადადებები. ტკაჩენკოს განცხადებით, უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან. ქვეყნის კულტურის მინისტრის თქმით, უკრაინას, როგორც 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულს, აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მომავალ წელს იყოს „ევროვიზიის“ მასპინძელი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში არ ჩატარდება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების შედეგად, წესების შესაბამისად და ღონისძიების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, EBU მოლაპარაკებებს დაიწყებს BBC-თან, როგორც წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილის მფლობელთან, 2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.