უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქი დაბომბეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების მისამართით 18-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, 12 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, სლავიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ოთხი საჰაერო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 20-ჯერ გახსნა ცეცხლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია 239 რუსი სამხედრო. მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროების 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია ხუთი მიმართულებით.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკისა და შახტიორსკის რაიონებში.