უკრაინის ხელისუფლების ცნობით, „აზოვსტალში“ მყოფი 38 დაჭრილი მებრძოლის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ქალაქ მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალში“ მყოფი 38 დაჭრილი მებრძოლის ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრ ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, საუბარია მძიმე მდგომაროებაში მყოფი მებრძოლების გაცვლაზე რუს ტყვეებში.
„ვმუშაობთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ 38 მძიმედ დაჭრილს გავცვლით, შემდეგ წინ წავიწევთ. ახლა 500 ან 600 კაცის გაცვლაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, როგორც ამას ზოგიერთი მედია ავრცელებს“, – განაცხადა უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა.
მანამდე ლეგიონ „აზოვის“ ტელეგრამარხზე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული მძიმედ დაჭრილი მებრძოლებია ასახული.