უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა მოსახლეობა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევზე სარაკეტო თავდასხმების საშიშროების შესახებ გააფრთხილა.

„რუსეთი არქაული სახელმწიფოა. ის გარკვეულ თარიღებს უკავშირებს თავის ქმედებებს – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი თავს ცუდად გრძნობდეს. მათ ვძულვართ, ამიტომ შეეცდებიან, გაზარდონ ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რიცხვი მთელ რიგ ქალაქებზე 23 და 24 აგვისტოს. რა თქმა უნდა, კიევი იქნება ამ ქალაქების სიაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, აპოკალიფსი არ იქნება, მაგრამ მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე სთხოვა უკრაინელებს, განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ მომავალი კვირის დასაწყისში მოახლოებული სახალხო დღესასწაულების გამო.