უკრაინის იერიშმა „როსკოსმოსის“ საკვანძო ქარხანა დააზიანა: რა საფრთხე ემუქრება რუსეთის კოსმოსურ პროგრამას
ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომზე, რომელსაც რუსეთი იჯარით ფლობს, სასტარტო მოედანზე გადაჰყავთ რაკეტამატარებელი „სოიუზ-FG“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) 40/41-ე ექსპედიციის ხომალდ „სოიუზ TMA-13M“-თან ერთად / ფოტოს ავტორი: საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)
მრავალჯერადი გამოყენების ტექნოლოგიების არქონის გამო, რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია მთლიანად „სოიუზის“ ტიპის ახალი რაკეტების უწყვეტ წარმოებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გასულ უქმეებზე სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ ობიექტზე მიტანილმა იერიშმა, შესაძლოა, რაკეტებისა და თანამგზავრების მწარმოებელ საწარმოს მძიმე დარტყმა მიაყენოს.
უკრაინულმა ძალებმა იერიში რუსეთში მდებარე „პროგრესის“ ქარხანაზე მიიტანეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ელექტრონიკის მწარმოებელ, „როსკოსმოსს“ დაქვემდებარებულ საწარმოს ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“ მოხვდა. თავდასხმის ფაქტი რუსულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა ზარალის რეალური მასშტაბები მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 900 კილომეტრში მდებარე „პროგრესის“ ქარხანა „როსკოსმოსის“ ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამ საწარმოში მატარებელ რაკეტებსა და ავტომატიზებულ კოსმოსურ აპარატებს აწყობენ.
Today, there are new significant results from our deep strikes. In Russia’s Samara region, one of the key enterprises within Roscosmos – the Progress Center, which was involved, among other things, in electronics production – was hit. Flamingo missiles were used. A good… pic.twitter.com/1BlZpmvKRN
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 15, 2026
რა დაკარგა რუსეთმა
ამერიკული კომპანია SpaceX-ის Falcon-ის ტიპის რაკეტებისგან განსხვავებით, რუსული „სოიუზი“ მრავალჯერადი გამოყენების ტექნოლოგიას არ ეფუძნება. სწორედ ეს არის რუსეთის კოსმოსური სექტორის მთავარი სუსტი წერტილი: კოსმოსური გაშვებებისა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიების შეუფერხებლად განსახორციელებლად, „როსკოსმოსს“ ახალი მატარებელი რაკეტების მუდმივი მიწოდება სჭირდება. წარმოების ხანგრძლივი შეჩერება კი რუსეთის სატრანსპორტო-კოსმოსურ შესაძლებლობებს ფაქტობრივად პარალიზებას უქადის. გამოცემა Ars Technica-ს მონაცემებით, 2020 წლიდან მოყოლებული, რუსული რაკეტების გაშვებების 85%-ზე მეტი სწორედ „სოიუზ-2“-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა.
აშშ-ში მოღვაწე კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტის, პორტალ RussianSpaceWeb.com-ის დამფუძნებლის, ანატოლი ზაკის განმარტებით, „პროგრესი“ „სოიუზ-2“-ისა და „სოიუზ-5“-ის ტიპის მატარებელი რაკეტების, ასევე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრების ძირითადი დეველოპერი და მწარმოებელია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით გამოცემა The Kyiv Post-ი წერს, რომ ობიექტს რაკეტა პირდაპირ მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, შენობის 85×35 მეტრის ფართობის სექტორია დაზიანებული.
FP-5 “Flamingo” cruise missile strike on the Progress Rocket and Space Centre, Samara, 15 August 2026
On the night of August 15, the Ukrainian Defence Forces struck the Progress Rocket and Space Centre in Samara, the only enterprise in Russia that serially assembles «Soyuz-2»… pic.twitter.com/tIJPbj93BH
— Exilenova+ (@Exilenova_plus) August 18, 2026
რუსულ მხარეს იერიშის შედეგად დაზიანებული კონკრეტული შენობები ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ანატოლი ზაკის ცნობით, უკრაინული ჯგუფის, CyberBoroshno-ს მიერ გავრცელებული კადრების ანალიზი დარტყმის სამიზნედ 106A კორპუსს მიიჩნევს. ამ შენობაში ავიონიკის წარმოებისთვის განკუთვნილი სპეციალური სტერილური ზონა („სუფთა ოთახი“) მდებარეობს. მგრძნობიარე ტექნიკის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მსგავსი სივრცეები უმცირესი მტვრის ნაწილაკებისგანაც კი ჰერმეტულად დაცული უნდა იყოს. შესაბამისად, ამ ზონის მწყობრიდან გამოყვანა რაკეტებისა და თანამგზავრებისთვის განკუთვნილი ელექტრონიკის წარმოებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ეს შენობა უშუალოდ რაკეტების ასაწყობი 106B კორპუსის გვერდით მდებარეობს. რომელიმე ამ შენობის სერიოზული შიდა დაზიანების შემთხვევაში, რუსეთს დაკარგული სიმძლავრეების აღდგენა ძალიან გაუჭირდება.
„როსკოსმოსის“ ქრონიკული პრობლემები
უკრაინაში დაწყებული ომის გამო ფინანსური დეფიციტის, ტექნიკური ხარვეზებისა და საერთაშორისო იზოლაციის წინაშე მდგომი „როსკოსმოსისთვის“ „პროგრესის“ ქარხნის დაზიანება კიდევ ერთი მძიმე დარტყმაა.
როგორც ანატოლი ზაკი აღნიშნავს, იანვარში „როსკოსმოსის“ წარმომადგენელმა და ამავე ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბარანოვმა განაცხადა, რომ „სოიუზის“ ხომალდებზე არსებული მოთხოვნა რეალურ საწარმოო სიმძლავრეებს კოლოსალურად აჭარბებდა. მისივე თქმით, 2027-2030 წლებში მოთხოვნამ შესაძლოა საწარმოო შესაძლებლობებს 30-დან 50 პროცენტამდე გადააჭარბოს.
თუმცა უკრაინული იერიშის საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მან შესაძლოა კიდევ უფრო შეაფერხოს წამყვანი კოსმოსური სახელმწიფოების დაწევისკენ მიმართული რუსეთის ძალისხმევა. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური შესაძლებლობების სერიოზულმა დაზიანებამ და მოსკოვის მიერ საბრძოლო ველის მეთვალყურეობისთვის გამოყენებული თანამგზავრების გაშვების შეფერხებამ, შესაძლოა, უკრაინას ფრონტზე უპირატესობაც მიანიჭოს.