უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ზავის დაწყებიდან რუსეთის არმიამ ფრონტის ხაზზე 100-ზე მეტი შეტევა განახორციელა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ზავის დაწყებიდან რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ შეტევით მოქმედებებს განაგრძობს, მოხდა 117 საბრძოლო შეტაკება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 41 შეტაკება მოხდა პოკროვსკის მიმართულებაზე. ლიმანის მიმართულებით რუსულმა ძალებმა თავდასხმა 17-ჯერ განახორციელეს.
ანგარიშის მიხედით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ძალებმა აგრესორის ორი შეტევა მოიგერიეს, კიდევ ერთი საბრძოლო შეტაკება კი გრძელდება.
ასევე, რუსეთის არმია შეტევას აწარმოებდა კუპიანსკის, კრამატორსკის, ტორეცკისა და სხვა მიმართულებებზე. რუსეთის კურსკის ოლქში კი უკრაინელებმა რუსი სამხედროების შვიდი თავდასხმა მოიგერიეს.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა.