უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ

ხერსონის რეგიონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოწინააღმდეგე ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მასშტაბით სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს, ასევე ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადასა და დაბომბვას.

„ხერსონის რეგიონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზაციას გეგმავენ. ამავდროულად, ოკუპანტებმა მიზნად დაისახეს უკრაინის ხელისუფლების მიერ რეგიონისთვის უზრუნველყოფილი ჰუმანიტარული მხარდაჭერის სრული შეჩერება. მოსახლეობის ტერორი გრძელდება“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის უწყების საჰაერო ძალების ჯგუფებმა გასული დღის განმავლობაში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი და 1 ერთეული საკრუიზო რაკეტა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ცხრა შეტევა, გაანადგურეს ერთი ერთეული ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი ერთეული საავტომობილო ტექნიკა, ერთი ერთეული საარტილერიო სისტემა, ორი ერთეული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა. ასევე განადგურდა რუსული ჯარების საზენიტო-სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალის საცავი.