უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გრძელდება
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გრძელდება

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მარიუპოლის მიმართულებაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. უკრაინის არმიის გენშტაბში იმედოვნებენ, რომ რუსეთი გაცემულ პირობას შეასრულებს და უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაიწყო უკრაინელი დამცველების რეგისტრაცია, მათ შორის დაჭრილების, რომლებიც ტოვებენ „აზოვსტალის“ ქარხანას. რეგისტრაციის შემდეგ, თითოეული უკრაინელი დამცველი ავსებს კითხვარს, რომელშიც მითითებულია მათი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და დაბადების თარიღი, ასევე ახლო ნათესავები. ეს ინფორმაცია წითელ ჯვარს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს ტყვეების ბედს და დაეხმაროს მათ ოჯახებთან ურთიერთობაში.