უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს, საერთო ჯამში კი, ინფრასტრუქტურა 30 დასახლებულ პუნქტში დაზიანდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის, დნიპროს, სლავიანსკის, კრამატორსკის, ბახმუტისა და სევერსკის რაიონებზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერია რუსეთის არმიის ნაწილების შეტევა ექვს დასახლებულ პუნქტში. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 70 რუსი ჯარისკაცი და 27 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული მელიტოპოლის აეროდრომთან, სადაც რუსი სამხედროების ბაზა არის განთავსებული, ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა.