უკრაინის გენშტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ექვსი სარაკეტო და 21 საავიაციო შეტევა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ექვსი სარაკეტო და 21 საავიაციო შეტევა განახორციელა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ექვსი სარაკეტო და 21 საავიაციო შეტევა განახორციელა. ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით სულ მცირე 60-ჯერ მიიტანეს.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამიზნე გახდა ლვოვის, ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქები. დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში სამი საწარმო ობიექტი დაზიანდა. „გრადის“ სისტემით რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლს 40 ჭურვი ესროლეს.

ბოლო ერთ დღეში, უკრაინის არმიის დანაყოფებმა ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში, რუსეთის არმიის „კა 52“-ის ტიპის ორი სამხედრო ვერტმფრენი და ექვსი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს რუსეთის არმიის ნაწილების სამი სამხედრო საწყობი.