უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალები შეტევას განაგრძობენ, ​ბახმუტი და მარინკა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალები შეტევას განაგრძობენ, ​ბახმუტი და მარინკა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.

როგორც გენშტაბის მიერ ამ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ქალაქები ბახმუტი და მარინკა ფრონტის ხაზზე კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასევე რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქების ქალაქებზე. ოკუპანტებმა ასევე ცეცხლი გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით. არიან დაშავებული მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე 11 დარტყმა განახორციელეს. უკრაინულმა მხარემ გაანადგურა ოკუპანტების საბრძოლო მასალების ოთხი საწყობი, ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ათობით საარტილერიო საშუალება, რადიოლოკაციური სადგური.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა სულ გაანადგურეს „შაჰიდის“ ტიპის 23 დრონი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა, ცხრა სადაზვერვო დრონი, ჩამოაგდეს „მი-24“-ის ტიპის ვერტმფრენი.