უკრაინის გენშტაბი - რუსეთი განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს რუსეთის თავდასხმა.

მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები.

გენშტაბში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე, იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტზე და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე.