უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე

უკრაინაში რუსული აგრესიის 101-ე დღეს ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და კვლავ აგრძელებენ სარაკეტო და ავიადარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

გენშტაბის ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს სლობოჟანსკის მიმართულებით. რუსული ძალების მხრიდან ამ ტერიტორიაზე ხდება ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის შეყვანა. ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე.

როგორც გენშტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები ნაღმმტყორცნებით, არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით ზიანს აყენებენ უკრაინული ძალების პოზიციებს ფრონტის მთელ ხაზზე, მაგრამ აგრესორების წინსვლის ტემპები დაბალი მათი პერსონალის ფიზიკური დაღლილობისა და დაბალი მორალური მდგომარეობის გამო.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ სევეროდონეცკსა და ბახმუტზე.

ამასთან, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში, რუსული ქვედანაყოფების ოკუპირებული ტერიტორიების 20% უკან დაიბრუნეს.

„მე პირადად, არაერთხელ მომისმენია ინფორმაცია, რომ სევეროდონეცკი რუსეთის არმიამ სრულად აიღო. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. თუ მანამდე უფრო მძიმე ვითარება იყო და ქალაქის 70%-მდე ოკუპირებული იყო, ახლა 20% უკან დავიბრუნეთ. ჩვენ ნამდვილად გვაკლია შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი ომის დროს. თავდაპირველად ისინი ჩვენს პოზიციებს საათობით ბომბავენ და შემდეგ ბრძოლაში შემოყავთ ახლად მობილიზებული ასეულები. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, წინ მიიწევენ, რადგან არტილერიით, ავიაციითა და ნაღმტყორცნებით უბრალოდ ანადგურებენ ყველაფერს, მაგრამ თუ გვექნება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, მათ პოზიციებს უკან დავახევინებთ“, – განაცხადა ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.