უკრაინის გენშტაბი - ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ხარკოვიდან გაყვანაზე
უკრაინის გენშტაბი - ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ხარკოვიდან გაყვანაზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-80 დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მათი მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

გენშტაბის ცნობებით, აგრესორი აგრძელებს ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, ახორციელებს საცეცხლე მოქმედებებს როგორც ფრონტის მთელ ხაზზე ასევე უკრაინული არმიის თავდაცვის სიღრმეებში. მოცემულ ეტაპზე, მათი ყველაზე ფართო აქტივობები ფიქსირდება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დაბომბვების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

„ხარკოვის მიმართულებით მტერს აქტიური ბრძოლები არ ჩაუტარებია. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი ჯარების ქალაქ ხარკოვიდან გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა საჰაერო დაზვერვის ღონისძიებები ჩაატარეს იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას რაიონებში. დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებით მტერმა გამოიყენა ნაღმმტყორცნები, არტილერია, რეაქტიული სისტემები და ავიაცია, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის და გამაგრებული ობიექტებისთვის. მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში და ახორციელებს მასობრივ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, რუსული ძალების მხრიდან მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები მრავალეშელონიანი თავდაცვის ასაშენებლად“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.