უკრაინის გენშტაბი - დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად
უკრაინის გენშტაბი - დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 95-ე დღეს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაიზარდა ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებების რაოდენობა, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

„ოკუპანტები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონების მიმართულებით. მათ ნაღმმტყორცნებით გაუხსნეს ცეცხლი უკრაინული ძალებს სუმის რეგიონში. სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიან ცეცხლს, ასევე იღებენ ზომებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შესავსებად, რათა თავიდან აირიდონ უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლა სახელმწიფო საზღვრისკენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო არსებული ფრონტის ხაზის შეკავებაზე.

„დონეცკის მიმართულებით მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს. აქტიურად იყენებს სარაკეტო ჯარებსა და საშუალებებს, აწარმოებს საარტილერიო და რადიოელექტრონულ ომს. მათი მხრიდან გაიზარდა ოპერატიულ-ტაქტიკური და საავიაციო ოპერაციების ინტენსივობა. ოკუპანტები ცდილობენ პოზიციების მოპოვებას ლიმანში. ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში, ავდეევკასა და იუჟნობუჟსკში. რუსული ჯარები აზიანებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უკრაინული მხარის ცნობით, დანაკარგების ასანაზღაურებლად, ოკუპანტები საწყობებიდან იღებენ მოძველებულ იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას.