უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში
უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ნათქვამია ყოველდღიურ საინფორმაციო მიმოხილვაში, რომელსაც უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის არმია არ წყვეტს სარაკეტო დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო დღე-ღამეში დაზიანდა ობიექტები და მშვიდობიანი მოქალაქეები დასახლება ბროდიში, კიევის ოლქის ნალივაიკოვიში, ასევე ნიკოლაევში და ნიკოპოლში.

იერიშების დროს გამოყენებული იყო როგორც ფრთოსანი და საავიაციო რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ განახორციელა ორი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა უკრაინის ტერიტორიაზე. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი.

ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათში ცხრა მიმართულებიდან განხორციელებული იერიშის მოგერიება შეძლეს. საავიაციო ძალებმა კი 25 დარტყმა მიიტანეს. განადგურებულია ტექნიკის კონცენტრაციის 19 ადგილი. გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ხუთი ფრთოსანი რაკეტა და ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი.

სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ დარტყმა მიიტანა რუსეთის სამ სამეთაურო პუნქტზე, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ხუთ ადგილას და ორ სამხედრო საწყობზე.