უკრაინის გენშტაბი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი სოფლის რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა ეს სოფლები დაიკავეს
უკრაინის გენშტაბი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი სოფლის რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა ეს სოფლები დაიკავეს

უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი სოფლის რაიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უარყოფენ, რომ რუსეთის ძალებმა ეს სოფლები დაიკავეს. საუბარია დასახლებებზე ზაპოროჟსკოესა და ნოვოგეორგიევკაზე, რომლებიც დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მდებარეობენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსი დამპყრობლების წინსვლა და აგრძელებენ სოფელ ზაპოროჟიეს კონტროლს, მტრის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რომელიც ცდილობს ამ დასახლებული პუნქტის დაკავებას. ასევე, გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები სოფელ ნოვოგეორგიევკას რაიონში, სადაც ჩვენი მეომრების ქმედებების შედეგად მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ყოველდღიურად ათობით ოკუპანტის განადგურებით. ინფორმაცია რუსების მიერ ამ დასახლებული პუნქტების ოკუპაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“,  – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

მანამდე, ანალიტიკურმა მედიაპროექტმა, Deep State-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა დაიკავეს სოფლები ზაპოროჟსკოე და ნოვოგეორგიევკა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ანალიტიკოსების ცნობით, ეს პირველი ოკუპირებული დასახლებებია აღნიშნულ რეგიონში. ამასთან, Deep State-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო ძალები, უკვე გარკვეული პერიოდია, აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის გასწვრივ, ისე უკვე მის ტერიტორიაზეც, კერძოდ, მალიევკის რაიონში.