უკრაინის გენპროკურატურა - სააკაშვილი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმით ადასტურებს, რომ კურცენკოსთან მისი საუბარი შედგა 
უკრაინის გენპროკურატურა - სააკაშვილი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმით ადასტურებს, რომ კურცენკოსთან მისი საუბარი შედგა 

ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ხმა მისია, საუბარს ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა უკრაინულ მეხუთე არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ენინის თქმით, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი უარს აცხადებს კურცენსკოთან აუდიოჩანაწერის ექსპერტიზისთვის ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე.

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ექსპერტიზის შედეგები უახლოეს დროში გასაჯაროვდება.

„ის არ უწყობს ხელს ამ სისხლის სამართლის საქმის ობიექტურ გამოძიებას, რადგან უკვე რამდენჯერმე უარყო ჩვენი შუამდგომლობა ხმის ნიმუშის წარდგენის შესახებ. ანუ, ის ამით უკვე გარკვეულწილად ადასტურებს, რომ ხმა მისია, საუბარს ადგილი ჰქონდა. თუმცა მაინც, დაველოდოთ ოფიციალური ექსპერტიზის შედეგებს“, – განაცხადა ევგენი ენინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი ორგანიზაციების მონაწილეების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული ბიზნესმენი, რუსეთში მყოფი გაქცეული სერგეი კურჩენკო აფინანსებს. შესაბამისი ბრალდების დასადასტურებლად უკრაინის პროკურატურამ დეკემბერში აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც უწყების მტკიცებით, სააკაშვილი და კურჩენკო აქციების ორგანიზებაზე საუბრობენ.

დატოვე კომენტარი