უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინული ჯარები პოკროვსკში რუსული ძალების ალყაში არ იმყოფებიან
უკრაინის გენშატბში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთში გაკეთებული განცხადება, თითქოს უკრაინულ ჯარს, დანებების გარდა, სხვა გზა არ დარჩენია. მათივე ცნობით, უკრაინული ჯარები პოკროვსკში ალყაში არ იმყოფებიან.
„პოკროვსკში მტრის შეღწევისა და კონცენტრირების მცდელობის შესაჩერებლად ზომები მიიღება. აქტიური წინააღმდეგობაა ასევე მტრის ქვეითი ჯგუფების მიერ პოზიციების გაუმჯობესების წინააღმდეგ“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.
მათივე ცნობით, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოკროვსკისა და მირნოგრადის რაიონების გარშემო ლოგისტიკური მარშრუტების მდგომარეობა გააუმჯობესონ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ პოკროვსკსა და კუპიანსკში უკრაინული ჯარი ალყაშია და, ნებაყოფლობითი დანებების გარდა, მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, საბრძოლო რუკები აჩვენებს, რომ რუსული ძალები პოკროვსკის სრული ალყიდან რამდენიმე კილომეტრით არიან დაშორებულნი, აკონტროლებენ კუპიანსკის მნიშვნელოვან ნაწილს და ქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე წინ მიიწევენ.