უკრაინის გენერალური პროკურორი - უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი და თავისი გუნდი ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ
უკრაინის გენერალური პროკურორი - უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი და თავისი გუნდი ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და სამხედრო ტრიბუნალი ურთიერთშემავსებელი მექანიზმებია. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კოსტინმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი გაგებით, ეს ორი მექანიზმი ერთმანეთს ავსებს. ომის დანაშაულებისთვის, გენოციდის დანშაულისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საუკეთესო გამოსავალია, რადგან ის უკვე არსებობს. ეს არის საერთაშორისო სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, თუმცა აგრესიის დანაშაულებისთვის, რაც არის ამ ყველა სამხედრო დანაშაულის საწყისი, ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი“, – განაცხადა კოსტინმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი და თავისი გუნდი ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ.

„კუპიანსკთან ჩვენ ვიპოვეთ ექვსი მანქანა, რომლებშიც 24 მოქალაქე იყო მოკლული, მათ შორის 13 ბავშვი, ერთი ორსული ქალი. ყველა მათგანი მანქანებში მოკლეს. ისინი გაქცევას ცდილობდნენ. მათი ცხედრები გადასვენებულია ხარკოვში, სადაც ექსპერტიზას ჩაუტარებენ ფრანგი ექსპერტები, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა გახდა ამ ადამიანების სიკვდილის მიზეზი“, – განაცხადა კოსტინმა ფორუმზე გამოსვლისას.