უკრაინის გენერალურ შტაბში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადეს, გუბერნატორის ცნობით, თავდასხმა მოხდა საცხოვრებელ კორპუსზეც, რასაც ერთი პირი ემსხვერპლა
უკრაინის გენერალურ შტაბში ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
გავრცელებული ცნობებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა აფეთქებები და ხანძარი გაჩნდა. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ნავთობპროდუქტების გადამუშავების წლიური მოცულობა 15,7 მილიონ ტონას შეადგენს, რაც რუსეთის მთლიანი მოცულობის 5,6%-ია.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზეც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
მანამდე ვოლგოგრადის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უპილოტო სფარენი აპარატის ნამტვრევის ჩამოვარდნის შედეგად კრასნოარმეისკის რაიონის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, მთავრობა არ აკონკრეტებდა, კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა.
ასევე, უკრაინის გენშტაბში დაადასტურეს, რომ იერიში მიიტანეს დროებით ოკუპირებულ დონეცკში, „შაჰედის“ დრონების ბაზაზე, რის შედეგადაც ობიექტის ტერიტორიზე აფეთქებები მოხდა. გენშტაბის ცნობითვე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დარტყმები განახორციელეს საწვავი-საპოხი მასალების სამ ობიექტზე. ასევე, რუსულ ტელეგრამარხებში ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ კოსტრომის ოლქის სახელმწიფო ელექტროსადგურზე, რომელიც რუსეთში სიმძლავრით მესამე თბოელექტროსადგურია.
ტელეგრამარხ „ასტრაში“ გავრცელებული ცნობებით, ღამით კოსტრომის ელექტროსადგურზე უპილოტო აპარატებით შეტევა განოხორციელდა.