უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი - დონბასში სროლის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი - დონბასში სროლის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გუშინ ღამით საოკუპაციო ძალებმა 19-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და 16-ჯერ იყო გამოყენებული მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს.

მედიის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება მესამე დღეა, დაძაბულია. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები, ისე უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არაერთ დარღვევას აფიქსირებენ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინიდან იუწყება, დღეს დილით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც 2015 წელს დებელცევოსთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალურ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

„უკვე მესამე დღეა, გრძელდება ჩვენი სამხედროების პოზიციების მისამართით ცეცხლი და სროლა. ესვრიან საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს. მტერი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწყობს ტერაქტებს. მტერი ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ახალ ამბებს, რათა ჩვენი თავდაცვის ჟინი გატეხოს. ახლა არის გაერთიანების დღე, რათა მოვიხსენიოთ ყველა, ვინც დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს თავისუფლებისა და გამარჯვების რწმენამ“, – განაცხადა ზალუჟნიმ.