უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური ოლექსანდრ პივნენკო აცხადებს, რომ არ დაუშვებს უკრაინელი ჯარისკაცების დამცირებას
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლექსანდრ პივნენკო აცხადებს, რომ არ დაუშვებს, ვინმემ უკრაინელი ჯარისკაცები დაამციროს.
მედიის ცნობით, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პივნენკომ შეხვედრა გამართა, რომელზეც პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს ჯარში მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმების პროცედურებსა და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაბრუნებული ჯარისკაცების მიმართ მოპყრობას. მან ასევე საზოგადოებას უკრაინელი ჯარისკაცების პატივისცემისკენ მოუწოდა.
პივნენკოს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ეროვნულ გვარდიაში მისული მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმების პროცედურების გაუმჯობესების აუცილებლობა. ასევე იმსჯელეს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მათი მკურნალობის ორგანიზების საკითხზე.
ეროვნული გვარდიის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დიდ ქალაქებში გადაიხედება დროებითი განლაგების ადგილების შერჩევისა და განთავსების მიდგომები. პივნენკომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მეთაურები პირადად არიან პასუხისმგებელი არა მხოლოდ საბრძოლო მისიების შესრულებაზე, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებზეც.
„ეროვნული გვარდია დიდი ოჯახია და მე არ დავუშვებ გვარდიელების შეურაცხყოფასა და დამცირებას. უკრაინულმა საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს უკრაინის ყველა დამცველს, როგორც მამაკაცს, ისე ქალს, და პატივისცემით მოეპყროს ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, უკრაინელი ერის გადარჩენისთვის. ყოველმა კეთილსინდისიერმა უკრაინელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ ისტორიულ ბრძოლაში ჩვენს საერთო გამარჯვებაში“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, კიევთან ახლოს, პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში, ერთ-ერთ კერძო სახლთან მწვავე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ სახლში მამაკაცებს უკანონოდ აკავებდნენ და „აწამებდნენ“. ეროვნული გვარდიის სარდლის, ალექსანდრ პივნენკოს თქმით, სახლში 18 სამხედრო იმყოფებოდა. ოთხი მათგანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, ამჟამად ეროვნული გვარდიის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც სამსახურის თვითნებური დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დააბრუნეს. პივნენკოს განმარტებით, ამ პუნქტში მობილიზებული სამხედროები მიდიან, ამზადებენ დოკუმენტებს და გადიან შემოწმებას, შემდეგ კი 58 დღით სასწავლო ცენტრებში გადაჰყავთ. მისივე თქმით, ომის გამო სამხედროების უმეტესობას მუდმივი განლაგების პუნქტი არ აქვს, ამიტომ ყველასთვის ოფიციალური ადგილების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.