უკრაინის ეროვნული ერთიანობის სამინისტროს ხელმძღვანელი - სხვადასხვა შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 32 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, საზღვრებს გარეთ კი მათი რიცხვი 30 მილიონამდეა
სხვადასხვა შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 32 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, მის საზღვრებს გარეთ კი მათი რიცხვი 30 მილიონს აღწევს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ერთიანობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშოვმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.
ჩერნიშოვის თქმით, საუბარია იმ უკრაინელებზეც, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლამდე დატოვეს. ალექსეი ჩერნიშოვის განცხადებით, სამინისტრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, იწყებს მემკვიდრეობის, იდენტობისა და მრავალმოქალაქეობის ფართო სტრატეგიის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს უკრაინელ ერს, დაბრუნდეს სამშობლოში.
„ჩვენ ვართ 60 მილიონი უკრაინელი ერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის და ჩვენ უნდა შევქმნათ, შევთავაზოთ ისეთი პირობები, რომ უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ და მათ, ვინც საზღვარგარეთ რჩებიან, არ დაკარგონ უკრაინასთან ურთიერთობა, იმუშაონ მის სასარგებლოდ და მისი მომავლისთვის“, – განაცხადა ალექსეი ჩერნიშოვმა.
უკრაინული მედიის თანახმად, გასულ წელს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შექმნა ერთიანობის სამინისტრო, რომლის ამოცანა არის უკრაინელების გაერთიანება საზღვარგარეთ.