უკრაინის ელჩი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა 
უკრაინის ელჩი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა 

უკრაინის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის შეხვედრაზე არ განიხილება.

ამის შესახებ იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა.

„ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების თემა. მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია ახლა უკრაინაში, ასე რომ, ეს საკითხი ვერ იქნება მაღალი რანგის შეხვედრის თემა.

სააკაშვილის შემთხვევა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, გთხოვთ, მას პირადად დაუსვათ.

სააკაშვილი უკრაინაში განაგრძობს ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის პოპულარული და ეს მისგან გამომდინარეობს”, – აცხადებს იგორ დოლგოვი.