უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ანდრეი ერმაკის ნაცვლად რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ანდრეი ერმაკის ნაცვლად რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ნაცვლად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრა.

ქვეყნის პრეზიდენტმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით დელეგაციის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. 9-კაციან ჯგუფში ფიგურირებენ ასევე უმეროვის მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე ვადიმ სკიბიცკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და გენშტაბის მეთაური ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ოლეგ ივაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ში გამგზავრებულ დელეგაციაში არ არის უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. მათივე ცნობით, ბuდანოვი კიევში იმყოფება.

ამასთან, უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ში გაგრძელდება ჟენევაში შეხვედრების დროს შესრულებული ყველა სამუშაოს კოორდინაცია.

„უკრაინის დელეგაცია უკვე მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა გააგრძელოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯების კოორდინაცია. დღეს დილით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს და მოვახსენე მზადების მდგომარეობა, ძირითადი პოზიციები და მოლაპარაკებების მომავალი ეტაპის მოსალოდნელი შედეგები. შეერთებულ შტატებში ჩვენ გავაგრძელებთ ჟენევაში შეხვედრების დროს შესრულებული ყველა სამუშაოს კოორდინაციას. უკრაინა აგრძელებს სისტემატურ და კონსტრუქციულ დიპლომატიურ მუშაობას ღირსეული მშვიდობისთვის“, – წერს უმეროვი.

ცნობისთვის, ანდრეი ერმაკმა, რომელიც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 28 ნოემბერს დატოვა. იქამდე კი ერმაკის ოფისში ეროვნული ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა. რა საქმეზე მიმდინარეობდა ჩხრეკა, ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ. ინფორმაცია დაადასტურა თავად ერმაკმაც. მისი თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება“ მისცა.