უკრაინის არმიამ როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, სამხედრო აეროდრომის მიმართულებით, „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
უკრაინის არმიამ რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, სამხედრო აეროდრომის მიმართულებით „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაშავდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან ექვსი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ორი საზენიტო კომპლექსით, „პანცირით“ ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტები კი ელექტრონული ომის საშუალებებით გაანეიტრალეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტაგანროგის აეროდრომზე „ატაკამსის“ რაკეტის ფრაგმენტების დაცემის შედეგად არ მომხდარა ნგრევა, თუმცა არიან დაშავებულები პირად შემადგენლობაში.
მოსკოვში აცხადებენ, რომ დაზიანდა აეროდრომის ტექნიკურ ტერიტორიაზე მდებარე ორი შენობა და სამი ერთეული სამხედრო მანქანა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.
ნოემბრის შუა რიცხვებში შეერთებულმა შტატებმა უფლება მისცა უკრაინას, განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში „ატაკამსის“ რაკეტებით, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრამდეა.