უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები უზენაეს სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივები, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად, უზენაეს სასამართლოში კორუფციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგამოძიებო მოქმედებები ტარდება უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებში. კერძოდ, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომლის საქმესაც უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო განიხილავს. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახელი არ გახმაურებულა, მაგრამ სავარაუდოდ, საუბარია ვსევოლოდ კნიაზევზე, რომელიც 2023 წლის 15 მაისს, თავის ადვოკატთან ერთად, დანაშაულის ჩადენისას დააკავეს, რა დროსაც მან, სავარაუდოდ, 1.8 მილიონი დოლარი მიითვისა. კნიაზევი მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.