უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრასთან ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს

13:46, 19.08.2026

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრასთან ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ვადიმ სტოლარი.

პრეზიდენტის ოფისში მუდრა სასამართლო-სამართლებრივ რეფორმაზე, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის დანერგვაზეა პასუხისმგებელი.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სავარაუდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების ფრაგმენტი. ორგანიზაციასთან, სავარაუდოდ, დაკავშირებული არიან რამდენიმე დეპუტატი და პრეზიდენტის ოფისის თანამდებობის პირები. ოპერაციას „ფორესტ გამპი“ ეწოდა.

ამასთან, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ ჩაატარეს სპეციალური ოპერაცია „მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად“.

უწყების განმარტებით, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში შედიან ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე და სხვა პირები.

„უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, მაღალი დონის კორუფციის აღმოსაფხვრელად ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, გამოავლინეს პირთა ჯგუფი, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას და უზრუნველყვეს ეს პროცესი. საუბარია 150 მილიონ გრივნაზე (3,3 მილიონი დოლარი) ნაღდი ფულის სახით, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ფიქტიური კომპანიის ანგარიშის გამოყენებით ლეგალურ ბრუნვაში გაუშვეს, რათა ერთ-ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრისთვის, ე.წ. მიდასის საქმეზე, გირაო გადაეხადათ. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე და სხვა პირები“, — ნათქვამია გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში.

ირინა მუდრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას 2024 წლის 29 მარტიდან იკავებს. ამ თანამდებობაზე ის მაშინ დაინიშნა, როდესაც ზელენსკის ოფისს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც 2026 წლის 2 იანვარს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი გახდა, მას ერმაკის პერიოდში დანიშნული მოადგილეები თანამდებობებიდან არ გაუთავისუფლებია. მათ შორის, მუდრამ თანამდებობა შეინარჩუნა.

ამასთან, როგორც უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ოპერაცია „ფორესტ გამპის“ ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადას დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კრიზისული კომუნიკაციის გეგმას შეიცავს. დოკუმენტში აღწერილია საკომუნიკაციო ნაბიჯები და გზავნილები, რომლებიც დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ირგვლივ შექმნილ საჯარო ვითარებაზე რეაგირებას ისახავს მიზნად.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, ვადიმ სტოლარმა დაადასტურა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები მის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მისი თქმით, ის „ღიად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სამართალდამცველების მუშაობას არანაირ დაბრკოლებას არ უქმნის“.

ასევე, ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დაახლოებით 10:30 საათზე უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები შევიდნენ Sense Bank-შიც.

მსგავსი