უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი – რუსულმა თავდასხმებმა ქვეყანაში არსებული საწყობების დაახლოებით 90% გაანადგურა, თუმცა, უკრაინელები საკვების გარეშე არ დარჩებიან

16:37, 28.08.2026

რუსულმა თავდასხმებმა უკრაინაში არსებული საწყობების დაახლოებით 90% გაანადგურა, – ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შეტევებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს მაღაზიებში პროდუქციის ფართო ასორტიმენტის არსებობაზე.

„90% უკვე განადგურებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები საკვების გარეშე დარჩებიან. შიმშილის საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა ვისოცკიმ.

მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს შორის რისკების თანაბარ განაწილებას რუსული თავდასხმების შედეგად პროდუქტის განადგურების შემთხვევაში. ამავდროულად, ვისოცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ არის ამ ეკონომიკური და სახელშეკრულებო ურთიერთობების მხარე.

„პროდუქტის მიწოდებისა და გაყიდვების თვალსაზრისით, ამჟამად ამ ჯაჭვში არ გვყავს ერთი სახელმწიფო ოპერატორი. ეს არის წმინდა ეკონომიკური და სახელშეკრულებო ურთიერთობები სუბიექტებს შორის. ჩვენი აზრით, რისკების თანაბარი განაწილება სამართლიანი იქნებოდა“, – აღნიშნა ვისოცკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ 5 აგვისტოს ღამეს, რუსეთის დარტყმებმა დააზიანა Fozzy Group-ის ოთხი სადისტრიბუციო ცენტრი, რომლებიც საქონელს ამარაგებდნენ უკრაინის მსხვილ ქსელებს. 27 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა KOLO სასურსათო ქსელის კუთვნილი საწყობი.  20 აგვისტოს, კიევის რეგიონში თავდასხმა მოხდა კომპანია Fora-ს საწყობზეც.

მსგავსი