უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობა - პოკროვსკში საომარი მოქმედებები გრძელდება და რუსული მხარის ინფორმაცია ქალაქის მთლიანად დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
უკრაინის აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, პოკროვსკში საომარი მოქმედებები გრძელდება და რუსული მხარის ინფორმაცია ქალაქის მთლიანად დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე ცნობით, პროპაგანდის მიზნით რუსებმა პოკროვსკში „დროშების აღმართვის ოპერაციები“ მოაწყვეს.
„პოკროვსკში გრძელდება ძებნისა და თავდასხმის ოპერაციები და მტრის განადგურება ურბანულ ზონაში. დამპყრობლებმა სქელი ნისლით ისარგებლეს და სცადეს კიდევ ერთი „დროშების აღმართვის ოპერაცია“ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, რათა პროპაგანდისტებს ეს მთელ პოკროვსკზე კონტროლის აღების დასტურად გამოეყენებინათ. შემდეგ ისინი სასწრაფოდ გაიქცნენ; მტრის ჯგუფებისგან ქალაქის გაწმენდა გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამხედროები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების მცდელობა, შექმნან პროპაგანდისტული იმიჯი ქალაქის სავარაუდო კონტროლის შესახებ, მათი ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან დანაკარგებს იწვევს.
ცნობისთვის, რუსულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქები პოკროვსკი და ვოვჩანსკი დაიკავეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც კრასნოარმეისკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო.