უკრაინელმა სამხედროებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს
უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში სარატოვის ოლქს დაესხა თავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო აცხადებს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია, რომლის გადამამუშავებელი სიმძლავრე წელიწადში შვიდ მილიონ ტონას აღწევს.
კოვალენკოს თქმით, ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსი სამხედროების საწვავით უზრუნველსაყოფად. უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა ენგელსის ავიაბაზა, სადაც გასული ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 11 აფეთქება მოხდა.