უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილისთვის ხელჯოხის დარტყმა სცადა [ვიდეო]
უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილისთვის ხელჯოხის დარტყმა სცადა [ვიდეო]

უკრაინის რადას დეპუტატმა „რადიკალური პარტიიდან“, იგორ მოსიჩუკმა უკრაინული ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილისთვის ხელჯოხის დარტყმა სცადა. ინციდენტი ტელეკომპანია NewsOne-ის გადაცემა „უკრაინულ ფორმატში“ მოხდა.

მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს ჰკითხა, უჭერს თუ არა ის მხარს სტეპან ბანდერას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინას უჭერს მხარს. „ბანდერა, რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის, პირველ რიგში, კორუფციონერებს გაანადგურებდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მოსიჩუკმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი კორუფციაში დაადანაშაულა, წამოდგა და მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა.

„თქვენს გუნდთან ერთად, ყოველთვიურად 200 000 იღებდით. თქვენ, სააკაშვილო შევარდნაძის კომპანიასთან ერთად. თქვენ საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებულები. თქვენ ასევე კორუფციონერი ხართ და სხვას ამისთვის დევნიან“, – განაცხადა „რადიკალური პარტიის“ წევრმა.

იგორ მოსიჩუკმა გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და მას საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა. უკრაინელმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილი ქართველების მკვლელობაშიც დაადანაშაულა, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა ირონიით უპასუხა, რომ ის „ბავშვებსაც ჭამდა“.

მიხეილ სააკაშვილამდე მისვლის საშუალება მოსიჩუკს გადაცემის წამყვანმა არ მისცა, რომელიც მათ შორის ჩადგა.

შეგახსენებთ, ოქტომბერში კიევში უკრაინის პარლამენტის დეპუტატზე, „რადიკალური პარტიის“ წევრ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმა განხორციელდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის თავად დეპუტატი.