უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ინფორმაციით, ქალაქ პოკროვსკში რუსი დივერსანტები შევიდნენ და ამჟამად დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაცია მიმდინარეობს
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში რუსი დივერსანტები შევიდნენ.
არსებული მონაცემებით, პოკროვსკში რუსი ქვეითი ჯარის პირველი ჯგუფები ხუთი დღის წინ, 17 ივლისს შევიდნენ.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ამჟამად რუსების დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
ერთი დღით ადრე, ანალიტიკურმა პროექტმა „დიფ სთეითმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები პოკროვსკში შესვლას იწყებდნენ. სამხედრო ანალიტიკოსმა, რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორმა, ალექსეი გეტმანმა აღნიშნა, რომ პოკროვსკის მიმართულებით სიტუაცია რთულია, რადგან რუსეთმა იქ 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა, რაც მას საშუალებას აძლევს, აქტიური ზეწოლა განახორციელოს იქ არსებულ უკრაინულ პოზიციებზე. ექსპერტმა აღნიშნა, რომ რუსები ამჟამად ქალაქის ჩრდილოეთით მიიწევენ წინ და პოკროვსკის ტაქტიკურ ალყაში მოქცევას ცდილობენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტი გრუშევსკოე დაიკავეს, რომელიც დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს.