უკრაინელი პოლიტოლოგი იანინა სოკოლოვსკაია - ნატო-სგან და ევროკავშირისგან გაცილებით მაღალი მოლოდინი გვქონდა
უკრაინელი პოლიტოლოგი იანინა სოკოლოვსკაია - ნატო-სგან და ევროკავშირისგან გაცილებით მაღალი მოლოდინი გვქონდა

ნატო-სგან და ევროკავშირისგან გაცილებით მაღალი მოლოდინი გვქონდა, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, იანინა სოკოლოვსკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ნატო-ს და ევროკავშირს უკრაინა დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ თავიანთ რიგებში. უნდა ეთქვათ, რომ უკრაინა არის ევროპული ხალხების ნაწილი და უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას რუსეთისგან დაიცავდა; მათ უნდა დაეხურათ ცა რუსული რაკეტებისთვის და ბომბებისთვის. ყველა ამ გადაწყვეტილებას შეეძლო, შეეწყვიტა უკრაინელების მკვლელობა“, – განაცხადა სოკოლოვსკაიამ.

მისი თქმით, დასავლეთი უკრაინის ცას არ კეტავს და ცინიკურ ფორმულირებას იყენებს, რომ რუსეთთან ასეთი სახით პირდაპირ არ შედიან კონფლიქტში, მაგრამ სიტუაცია ისეთია, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შეუძლია, უკრაინა დაამარცხოს, ის ომს სხვა ქვეყნებსაც დაუწყებს და ეს სხვა ქვეყნებმა და ნატო-ს წევრმა ქვეყნებმაც უნდა გაითავისონ.

„თუ ისინი სირცხვილსა და ომს შორის სირცხვილს ირჩევენ, მიიღებენ ომსაც და სირცხვილსაც. უკრაინა მათთვის არ უნდა იყოს ცოცხალი ფარი. ჩვენი მისია ამაში არ მდგომარეობს“, – განაცხადა საკალოვსკაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ქმედით ნაბიჯებს ელის უკრაინა ნატო-სგან და ევროკავშირისგან, იმის გათვალისწინებით, რასაც დასავლეთი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აკეთებს, იანინა საკალოვსკაიამ განაცხადა, რომ ნატო-მ და ევროკავშირმა უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღონ და საერთო თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ნატო-ს ქარტიის მეხუთე პუნქტი უნდა აამოქმედონ.

„თუ ისინი უკრაინას ახლა სრული პროგრამით არ დაიცავენ, მერე საკუთარი თავის დაცვა მოუწევთ. თუ უკრაინა ამ შემოტევას ვერ გაუძლებს და ვერ გადაიტანს, რადგან რიცხობრივად გაცილებით მცირეა და ულევი სამხედრო ძალა არ ჰყავს, შემდეგი ის ქვეყნები იქნებიან, რომლებიც უკრაინას რუკის მიხედვით მოჰყვება. ეს გახლავთ ნატო-ს ქვეყნები“, – განაცხადა სოკოლოვსკაიამ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის მოწყობილობებს მიიღებდა, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ამ საკითხის განხილვას დიდი დრო სჭირდება, ამასობაში კი სისხლიანი ომი მიმდინარეობს, ყოველგვარ ხანგრძლივ განხილვას ადამიანების დაღუპვამდე მივყავართ და შესაძლოა, რუკაზე გეოპოლიტიკური სტრუქტურა შეიცვალოს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა პერსპექტივა უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივას, სოკოლოვსკაიამ განაცხადა, რომ ნატო-ს სამშვიდობო ძალების უკრაინაში შეყვანაზე საუბარი არის, მაგრამ ასეთი პრაქტიკა ჯერჯერობით, არ იყო გათვალისწინებული.

ნატო-მ უკრაინა ან თავის შემადგენლობაში უნდა შეიყვანოს და დაიცვას, ან ხმამაღალი განცხადებები არ უნდა გააკეთოს და აღიაროს, რომ უკრაინელები თავის თავს, საკუთარ მიწას, ევროპას და დასავლეთის ცივილიზაციას თვითონ იცავენ“, – განაცხადა სოკოლოვსკაიამ.

უკრაინელმა ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას სთავაზობს ყირიმის, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში, რაზეც კიევი ვერ წავა.

„კომპრომისულ ვარიანტში არავითარი კომპრომისი არ არის. რუსეთს უნდა, უკრაინა გაანადგუროს, უკრაინას კი გადარჩენა სურს. აქ კომპრომისის სივრცე არ არის“, – განაცხადა სოკოლოვსკაიამ.

შეკითხვაზე, როგორია მისი პროგნოზი და როდის შეიძლება, დასრულდეს საომარი მოქმედებების ცხელი ფაზა უკრაინაში, იანინა სოკოლოვსკაიამ განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, ცხელი ფაზა სექტემბრისთვის დასრულდება.

„შემდეგ იქნება ფაზა არა ომის და არა მშვიდობის, როდესაც არც ერთი მხარე არ აღიარებს თავს დამარცხებულად და, სადაც პერიოდულად გაგრძელდება დაბომბვები და ადამიანები დაიღუპებიან“, – განაცხადა იანინა სოკოლოვსკაიამ.