უკრაინელი ექსპერტი - „საქნახშირის“ წარმომადგენლებმა არ მოგვაწოდეს ყველა მასალა, რომელიც მოვითხოვეთ
უკრაინელი ექსპერტი - „საქნახშირის“ წარმომადგენლებმა არ მოგვაწოდეს ყველა მასალა, რომელიც მოვითხოვეთ

უკრაინელი ექსპერტის განცხადებით, კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლებმა ყველა საჭირო მასალა არ მიაწოდეს.

„ჩვენ გაგვაცნეს სამთო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, მოგვაწოდეს ვენტილაციის გეგმა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვაწოდეს ყველა ის მასალა, რომელიც მოვითხოვეთ. ამის მიზეზია ის, რომ დოკუმენტები პოლიციას აქვს გამოძიებისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის კანონმდებლობითაც, პოლიცია ატარებს გამოძიებას, თუმცა პოლიციამ არ შეიძლება იცოდეს ყველა დეტალი და სპეციფიკა.

დღეს ჩვენ განვიხილეთ მთის დარტყმის, ძველი დახურული შახტების, აფეთქების შესაძლებლობის საკითხები. თუ ქვანახშირის კომპანია ნებას დაგვრთავს, ვაპირებთ, ხვალ მოვინახულოთ უშუალოდ შახტი, სადაც ვგეგმავთ სინჯებს აღებას, ამიტომ ვითხოვთ, რომ ხვალ შახტში შეგვიშვან, ასევე კარგი იქნებოდა, პოლიციამ მოგვცეს ამოღებული დოკუმენტები“, – განაცხადა უკრაინელმა ექსპერტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ექსპერტებს სურვილი აქვთ, გაესაუბრონ დაშავებულ მეშახტეებს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მედიკოსები მათთან ურთიერთობას კრძალავენ.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.

ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.