უკრაინელი ექსპერტი იანინა სოკოლოვსკა - დასავლეთი უკრაინას საკმაოდ ცუდად მოეპყრო
უკრაინელი ექსპერტი იანინა სოკოლოვსკა - დასავლეთი უკრაინას საკმაოდ ცუდად მოეპყრო

დასავლეთი უკრაინას საკმაოდ ცუდად მოეპყრო, – ასე უპასუხა უკრაინელმა ექსპერტმა, იანინა სოკოლოვსკამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია უკრაინაში სიტუაციის განმუხტვა იმ სანქციებით, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა და რამდენად საკმარისია საერთაშორისო საზოგადოების პასუხი რუსეთის შესაჩერებლად.

„ცოტა იარაღი მოგვცეს და ცოტა ფული. ყველაფერი ერთი თვით ადრე მოხდა. ჩვენ არ გვაფინანსებდნენ, არ გვეხმარებოდნენ შეიარაღებით ომის რვა წლის განმავლობაში და ახლა გადაწყვიტეს დახმარება. ყველა უცხოელმა დიპლომატმა და სამხედრომ დატოვა უკრაინა, როგორც საშიში ტერიტორია და არც ერთი დასავლელი სამხედრო არ არის მზად, უკრაინისთვის იბრძოლოს. ბაიდენმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იბრძოლებს უკრაინისთვის. ჩვენ ამ პოზიციას მზაკვრულად მივიჩნევთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რუსულ და დასავლურ სამყაროს შორის წინააღმდეგობის მსხვერპლი. დასავლური სამყარო, რომელმაც უკრაინა ნატო-ში არ შეიყვანა და არ მოგვცა საშუალება, ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით, უარს ამბობს ჩვენ დაცვაზე და ცდილობს, ჩვენ ხარჯზე გადარჩეს. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ძალა, რომ დასავლეთი გადავარჩინოთ იმისგან, რაც შეიძლება, მას მოუვიდეს. დასავლეთი ან პოზიციას შეიცვლის და სამხედრო დახმარებას გაგვიწევს, ან სიტუაცია შეიძლება, ნებისმიერი გზით განვითარდეს. ამ შემთხვევაში დასავლეთს საქმე ექნება არა რუსეთთან და უკრაინასთან, არამედ რუსეთის აღდგენილ იმპერიასთან “, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

უკრაინელმა ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ამ წუთებში „ჰოსტომელის“ აეროპორტში იმდენად მძიმე ბრძოლა მიდის, რომ კიევის ცენტრში აფეთქებები ისმის.

„მე ახლა კიევის ცენტრში ვიმყოფები და „ჰოსტომელის“ აეროპორტში იმდენად მძიმე ბრძოლა მიდის, რომ კიევის ცენტრში აფეთქებები ისმის. ეს არის ჩემგან 17 კილომეტრში და ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობენ, ღამეს სარდაფებში ათევენ. მათ მთელი დღეც სარდაფებში გაატარეს. ეს გახლავთ მიმდინარე ომის ძირითადი წერტილი“, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

მისი თქმით, ის, თუ რა მოუვა კიევს შემდეგში და ვისი კონტროლის ქვეშ დარჩება, დამოკიდებულია იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და ექნება თუ არა რუსეთის არმიას საშუალება, რომ კიევის ცენტრთან ახლოს დესანტი გადასხას.

ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ კიევიდან არის დევნილების ძალიან დიდი რაოდენობა.

„შემოღებულია კომენდანტის საათი და შვიდ საათამდე ქალაქში შემოსვლა არ შეიძლება, მაგრამ ქალაქიდან ყველას უშვებენ. დასავლეთ უკრაინის ტრასები გადავსებულია. ხალხი იღწვის, რომ პოლონურ და უნგრულ საზღვრებს მიაღწიოს. ყველა ცდილობს, იქ მივიდეს, სადაც შეუძლია და ყველა ამბობს, რომ სიტუაცია შეიძლება, არაპროგნოზირებადი იყოს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

როგორც იანინა სოკოლოვსკა აღნიშნა, კიევისთვის ეს არის კრიტიკული ღამე.

„მოქალაქეები ამბობენ, რომ კიევისთვის ეს არის კრიტიკული ღამე, ჩვენ ამ ღამეს დაბომბვის ქვეშ გავატარებთ, ვემზადებით უარესისთვის და იმედი გვაქვს უკეთესის“, – განაცხადა იანინასოკოლოვსკამ.