უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევაზე კვლევას ჩაატარებენ, საქართველოში არიან
უკრაინელი ექსპერტები, რომლებიც მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევაზე კვლევას ჩაატარებენ, საქართველოში არიან

უკრაინელი ექსპერტები მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევაზე კვლევას ჩაატარებენ. ექსპერტები თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდნენ და ადგილზე ვითარების შესასწავლად დილიდან გაემგზავრებიან.

მათ მიერ მომზადებული დასკვნის შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ექსპერტების ჩამოყვანა პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივით მოხდა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, უკრაინელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შახტში არსებულ ვითარებას ასახავს, ასევე შეისწავლის, თუ რამდენად არის შახტში შრომა უსაფრთხო.

„უკრაინის პროფკავშირებმა ჩვენ გაგვიწია დახმარება და გამოგზავნა ორი ძალიან გამოცდილი ექსპერტი. ერთ-ერთ მათგანს 100-ზე მეტ კვლევაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო მეორეს რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე აქვს კვლევა ჩატარებული. მე მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის პროფკავშირების მიერ მოწვეული ექსპერტები, ხოლო მოგვიანებით სახელმწიფოც აპირებს, მოიწვიოს ექსპერტები და მაღაროების ზოგადი შეფასება მოხდეს. ეს ორი ექსპერტი ჩამოსულია კონკრეტულად 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამოსაკვლევად“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.